წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით". ირაკლი ღარიბაშვილი მისი თანაგუნდელების მსგავსად ამბობს, რომ ბევრი ტყუილი წერია იმ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით 9 ივნისს მიიღო. მან ჟურნალისტებთან ამ საკითხზე თავის პირველ კომენტარში თქვა ისიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.