logo
ENG



ოცნების არჩეულები - ე.წ. კლანის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ

12 დეკ 201919:58
3 წუთის საკითხავი
 
egg3asjyh15yg8e.jpg

„მოსამართლეები, რომელიც არც კეთილსინდისიერების და არც კვალიფიკაციის კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან, კლანი, რომლის გაძლიერებაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შანსს ანგრევს,“ - სპეციალისტებისთვის სწორედ ასეთია იმ მოსამართლეების შეფასება, ვინც პარლამენტში მარტოდ დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად აირჩია.

არჩეულებიდან მედიასთან კომენტარი მხოლოდ ე.წ. კლანის ლიდერმა გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

„მადლობა იმათ ვინც გვაკრიტიკებდა, რადგან ეს ჩემთვის სტიმულია. მე მათიც მადლიერი ვარ ვინც ზომიერების ფარგლებში აკრიტიკებს ამ პროცესს. არანაირი კლანი არ არსებობს სასამართლოს სისტემაში. არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს განვითარებაზე“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გაითვალისწინეს ყველას რეკომენდაცია და პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ მუშაობას.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გაიმარჯვა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანმა და ხელისუფლებამ სასამართლოს ხელისუფლება ჩაიგდო ხელში. 

ამავდროულად, ამერიკის საელჩომ უზენაესი სასამართლო მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ  იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, საელჩო ურჩევს პარლამენტსა და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. 

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი მოსამართლეა. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თამარ ალანიას, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის, ლაშა ქოჩიაშვილისა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლიან, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.

 

 

 

 


close დახურვა