logo
ENG



ოცნების დეპუტატთა ნაწილი ვერ პასუხობს კითხვებს პროექტის შინაარსზე, რომელსაც მხარი დაუჭირეს

11 ივნ 202114:33
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი ვერ პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, თუ რა წერია "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტში, რომელიც მათ გუშინ, 10 ივნისს დაამტკიცეს და რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. 

ფორმულას კითხვების პასუხად, რა იცვლება ამ კანონით, ან რატომ დაუჭირეს მხარი, დეპუტატები ინიციატორთან გვამისამართებენ.

ქართული ოცნების დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ დეტალებში ბოლომდე ჩახედული არაა. კითხვაზე, რომ ის ამ ინიციატივის მომხრეა და იცოდა თუ არა, რას დაუჭირა მხარი, სამხარაძე პასუხობს:

"როგორ არ ვიცი, ესაა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის მეტად განვითარებისთვის, ესაა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში კიბერუსაფრთხოება. ესაა ის ჩანაწერი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ".

დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი კანონპროექტის მიზანს შემდეგნაირად ხსნის:

"ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი ემსახურება ჩვენს ინფორმაციულ უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ უკეთ იყოს ჩვენი ინფორმაციული უზრუნველყოფა... მე ვარ მომხრე, უკეთ იყოს ჩვენი ინფორმაციული უსაფრთხოება დაცული". 

ასევე, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ამ კანონპროექტის მხარდამჭერია, ფორმულას კითხვას, იცის თუ არა რა წერია დოკუმენტში? - არ უპასუხა და თქვა, რომ მოგვიანებით ეტყოდა. განმეორებით დასმულ კითხვაზე მან ჟურნალისტს უთხრა, "რას მიძაბავ".

ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად სწორი და დროულია ამ კანონის მიღება:

"ჩართული ვიყავით საკომიტეტო განხილვაში. [...] უაღრესად მნიშვნელოვანია და დროულია. იცით, რატომ? უკეთ იყოს დაცული ქვეყნის გამოწვევები თანამედრო ტექნოლოგიების პირობებში".  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ახალი კანონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინტერნეტის სრული კონტროლის უფლებას აძლევს.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში!" - წერს ის და განმარტავს, რომ სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში

"ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში იხილებოდა და მაშინ მესამე მოსმენის კენჭისყრაზე გაჩერდა, ახლა კი ბოლომდე მიიყვანეს საქმე", - ამბობს სიმონიშვილი.

"ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 10 ივნისს დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 77-მდა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. 

პროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

კენჭისყრის წინ, კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა.


close დახურვა