ქართული ოცნების დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება და "ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია".
"სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა საკუთარი მანდატის განხორციელებაში, რაც უახლოეს დღეებში გადაწყდება, მათ შორის, სახალხო დამცველის მონაწილეობით, მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამჟამად პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი - სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ არცერთ იქ მყოფ ბავშვს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს და სადღეისოდ ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია.
მუშაობა გაგრძელდება, რომ რეალურად განხორციელდეს სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის მექანიზმის მუშაობა. კომიტეტი არის და იქნება ჩართული ამ პროცესში", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ
ამასთან, დეპუტატის განცხადებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.
ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ".
"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.
ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", - ყვება ის.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.
გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.