ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ტვ პირველის ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას შეაგინა.
"წადი შენი დედაც..." - უთხრა მგალობლიშვილმა ჟურნალისტს.
ჟურნალისტი ქაჯაია ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ პარლამენტარმა თავდაპირველად აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ქაჯაიამ ჰკითხა, "რა ჰქონდა მას მოქალაქეებისთვის სათქმელი", რის შემდეგაც მგალობლიშვილმა ჟურნალისტსაც შეაგინა.
"აქ იდგა აქციის მონაწილე, რომელსაც ედგა ხელში პლაკატი და საკუთარი სათქმელი ჰქონდა ამ პლაკატზე გადმოტანილი. ლევან მგალობლიშვილმა აქ გააჩერა ავტომობილი, გადმოვიდა, მისი შვილის ტოლ ბავშვებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მე აქციის მონაწილეების გვერდით ვიდექი, სამწუხაროდ, კამერამ ვერ დააფიქსირა, როგორ აგინებდა მგალობლიშვილი აქციის მონაწილეებს, მე გავყევი მას, მაინტერესებდა, რა ჰქონდა აქციის მონაწილეებისთვის სათქმელი და მან გინება აირჩია, რატომღაც იერიში ჟურნალისტებზე მიიტანა", - აცხადებს ფორმულასთან საუბარში ტვ პირველის ჟურნალისტი ნატა ქაჯაია.
მოგვიანებით, დეპუტატმა მგალობლიშვილმა უარყო, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს აგინა. მისი მტკიცებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაცს, რომელიც პარლამენტთან "ძალიან უწმაწური წარწერით" დგას.
"ვინ არის ნანუკა ქაჯაია? მე ვისაც შევაგინე, იმან გაიგო... კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით და მაგას ვუთხარი. ჩემი საქმეა, მე როგორ ვუპასუხებ. ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს. არა, როგორ გეკადრებათ [არ შემიგინებია ჟურნალისტისთვის]. მე ვუთხარი, ვინც ეს წარწერა მას დააწერინა, ნანუკასთვის არ შემიგინებია", - აცხადებს მგალობლიშვილი ტვ პირველთან საუბრისას.
პარლამენტთან, სადაც პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენაა დაგეგმილი, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.