logo
ENG



ოცნების ლაქია დეპუტატები - პიკეტს არასაპარლამენტო ოპოზიცია და აქტივისტები შეუერთდებიან

03 თებ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოსთან, ხვალ დაგეგმილ აქციას არასაპარლამენტო ოპოზიციაც უერთდება.

მათი აზრით, ქუჩის აქციები ერთადერთი ბერკეტია, რისიც ბიძინა ივანიშვილს ეშინია და რამაც მას დათმობა უნდა აიძულოს.

როგორც "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებლები არიან. 

"უნდა იცოდეს თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, რომ მათ უნდა სცხვენოდეთ, რადგან ისინი არიან ლაქიები. ისინი მხოლოდ „ქართული ოცნების“ და საკუთარი სკამების ინტერესებისთვის იბრძვიან. ერთი რამ მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ, იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ამისთვის ვიბრძვით. თქვენ [ქართული ოცნება], როგორც ბოროტების მთავარი წყარო ამ ქვეყანაში, აუცილებლად წელს ჩამოშორდებით ქვეყნის მართვას“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ვაშაძის აზრს იზიარებს. მისი თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, საჭიროა აქციების გამართვა. 

„ის წერილების და გაფრთხილებების კასკადი, რომელიც მოდის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ეტყობა მას ვერ აღვიძებს და ვერ აღიქვამს. ამიტომ, საჭიროა ამოქმედდეს ქუჩა, რომელიც ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს დემოკრატიის დასაცავად. სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში ამ ბერკეტის გამოყენება ისევ გვიწევს“, - განაცხადა ქარდავამ. 

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი გია გუგავამ კი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს "მონა-დეპუტატები" უწოდა. 

"მონა პარლამენტარებს, რომლებმაც ივანიშვილის დავალებით ქართველ ხალხს წაართვეს პროპორციული, სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა, მოუწევთ სირცხვილის კორიდორში გავლა. ამას მოუწყებს ხალხი ოპოზიციასთან ერთად. მათ შეექმნებათ დისკომფორტი და ზოგადად ოპოზიციის სტრატეგიაა, რომ აქციები რეგიონებშიც გაიშალოს“, - აღნიშნა გუგავამ. 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პიკეტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდებიან. 

"როგორც ვიცით პარტიებმა დააანონსეს პიკეტირება და სირცხვილის კორიდორი. ჩვენი აზრით ნებისმიერი აქტივობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეახსენებს იმას, რომ მოქალაქეების მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები. მონა დეპუტატები დაისჯებიან. პროტესტს მხარს ვუჭერთ და ვიქნები ყველგან, სადაც ხელისუფლება მოქალაქეების მხრიდან ზეწოლას იგრძნობს“, - თქვა ნოდარ რუხაძემ.

ცნობისთვის, ხვალ საგაზაფხულო სესია, პიკეტისა და სირცხვილის კორიდორის თანხლებით გაიხსნება. 

 


close დახურვა