logo
ENG



ოცნების მაჟორიტარმა აქციაზე ოპოზიციონერს შეაგინა - მოხისში მიწების გასხვისებას აპროტესტებენ

23 მაი 202113:20
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ მოხისში მიწის გასხვისების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა ოპოზიციონერ ბესო დონაძეს შეაგინა.

ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი ზაალ დუგლაძე აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდა. პროტესტის მონაწილეებთან დილიდან იმყოფებოდა ბესო დონაძეც. დონაძესა და დუგლაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგად მაჟორიტარმა ოპოზიციონერს შეაგინა.

ბესო დონაძის თქმით, ინციდენტის შემდეგ დუგლაძემ ბოდიში მოიხადა.

ზაალ დუგლაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიწების გასხვისების საკითხს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავს და ერთი კვირის შემდეგ მოხისის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ შეხვდება.

„უნდა გავიარო ეკონომიკის სამინისტროსთან, გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. მოსახლეობამ ყველაფერი სწორად გაიგო და შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში უნდა შევხვდეთ", - ამბობს დუგლაძე.

მოხისის მცხოვრებლები უკვე რამდენიმე დღეა, სახნავ-სათესი მიწების ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასხვისებას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ალტერნატიული მიწის ნაკვეთები არ აქვთ.

„ერთი კვირა დამაცადეთო და მივხედავ ამ საქმესო. ველოდებით ეს ერთი კვირა. ალტერნატიული მიწები სოფელს არ გააჩნია. მიწა რაც აქვს სოფელს, ყველა დამუშავებულია და ყველას ჰყავს თავისი პატრონი. თუ სადმე მოეძებნებათ, მოძებნონ", - ამბობენ ადგილობრივები.

ქარელის რაიონის სოფელ მოხისში მოსახლეობა ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ 30 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა გაასხვისა. ისინი ითხოვენ, რომ გასხვისების პროცესი შეჩერდეს და მიწა სოფელს დარჩეს.


close დახურვა