logo
ENG



ოცნების მორიგი კრიტიკა - აშშ-ის კონგრესში საქართველოზე ისევ იმსჯელეს

27 ივნ 202408:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/t5x8radc5avkxry.jpg

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. მოსმენაზე, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამერიკის 2025 წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით გაიმართა, ქართული ოცნების მთავრობის მისამართით მკაცრი შეფასებები ისმოდა.

მოსმენაზე კონგრესმენებმა შეკითხვები დაუსვეს ჯეიმს ობრაიენს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში და ერინ ელიზაბეტს - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

ჯეიმს ობრაიენის თქმით, უცხოური აგენტების კანონის ძალისმიერი მიღება, ძალადობა ოპოზიციური პარტიების წევრების წინააღმდეგ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას.

"საქართველო, უნგრეთი და ბოსნია - ამ ქვეყნებში ელიტები ეწინააღმდეგებიან იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც საჭიროა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ მათი ეს წინააღმდეგობა არ გაგრძელდეს. ქართული ოცნების მთავრობის ლიდერობით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მათ სურთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება.

ევროკავშირმა ამ კვირაში გააკეთა მოწოდება, რომელსაც ჩვენ არაერთხელ  ვაკეთებთ საჯაროდ და პირად საუბრებშიც იმის შესახებ, რომ ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, უცხოელი აგენტების კანონი, ანაკლიის პორტის კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის გზას ევროკავშირისა და NATO-სკენ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს", - აღნიშნა ობრაიენმა.

თავის მხრივ, ერინ ელიზაბეტის განცხადებით, ვაშინგტონი ორიენტირებულა, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ გზაზე და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

"კავკასიის რეგიონში, როგორც კონგრესმენებმა აღნიშნეს, ჩვენ ვპასუხობთ ახალ გამოწვევებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ ახალ შესაძლებლობებს. საქართველოში, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ საქართველო დარჩეს თავის დემოკრატიულ გზაზე და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში და იმედია ქვეყანა დაიბრუნებს მომენტუმს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.

მმართველი პარტიის მიერ მიღებული, უცხოური გავლენის შესახებ კანონი და ანტიდასავლური რიტორიკა მძიმედ ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელ მედიის საქმიანობას და ადასტურებს USAID-ის დახმარების მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული ძალების გასაძლიერებლად", - თქვა ერინ ელიზაბეტმა.

მწვავე განცხადება გააკეთა კონგრესმენმა ბილ კიტინგმაც. ის ქართულ ოცნებას და უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებებს ერთ კონტექსტში განიხილავს და ამბობს, რომ მათი ნაბიჯები ძირს უთხრის ქართველი და უნგრელი ხალხის გრძელვადიან ინტერესებს.

"იმ დროს, როდესაც უკრაინა იბრძვის საკუთარი დემოკრატიის დასაცავად, ევროპის მასშტაბით ლიდერები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ტრანსატლანტიკურ ალიანსს. საქართველოში, ბოლო დროს, ქართული ოცნების პარტიამ, ძალით გაიტანა და მიიღო კრემლიდან ინსპირირებული, უცხოელი აგენტების კანონი და ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.

ეს საქართველოში იმ დროს ხდება, როდესაც კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. იმავდროულად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ორბანმა ჩაახშო განსხვავებული აზრი და ლგბტქ ადამიანებისა და სხვა უმცირესობების დევნის ესკალაცია მოახდინა. ორბანის, ისევე როგორც ქართული ოცნების ქმედებები უკიდურესი შეშფოთების საგანია და ის ძირს უთხრის ქართველი და უნგრელი ხალხის გრძელვადიან ინტერესებს", - განაცხადა კონგრესმენმა. 


close დახურვა