ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, თუკი თანხის ნახევარს გადაიხდის.
სამოქალაქო აქტივისტებმა თანხის შესაგროვებლად სოციალურ ქსელში უკვე წამოიწყეს კამპანია #მუმლიკასთვის. ისინი სწორედ ასე აპირებენ გირაოს თანხის შეგროვებას.
გიორგი მუმლაძე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს დააკავეს. აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.
შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
უფლებადამცველების განცხადებით, გიორგი მუმლაძისა და სხვა აქტივისტების მიმართ ერთგვარი დევნა მიმდინარეობს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI) შეფასებით, აქტივისტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.