logo
ENG



ოცნების სატელიტი ორგანიზაცია გასამართლებით ოპოზიციის ამომრჩეველსაც ემუქრება

15 ოქტ 202412:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/15/rg3dyt1dl0tf3t7.png

ქართული ოცნების სატელიტი ორგანიზაცია ერთიანი ნეიტრალური საქართველო გასამართლებით ოპოზიციის ამომრჩეველსაც ემუქრება. განცხადების თანახმად, მათ სურთ, ასეთ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოთ.

ორგანიზაცია ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს "სექტას" და ქვეყნის მტრებს უწოდებს.

"უსამშობლო აგენტურას, გასული 12 წლის განმავლობაში ორი ფაქტორი ასულდგმულებდა - გარე პატრონები და მათი სექტა, ანუ ამომრჩეველი", - წერია განცხდებაში.

ორგანიზაცია აკონკრეტებს, რომ უნდა გასამართლდნენ არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, არამედ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერები.

"ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ქართული ოცნება გვიან, მაგრამ მტკიცედ აცხადებს კოლექტიური ნაც-მოძრაობის გასამართლების დაპირებას. მიგვაჩნია, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება, ვიდრე ადამიანთა ეს ჯგუფი აგრძელებს მათ მხარდაჭერას და არჩევნებში აძლევს ხმას. დანაშაულში თანამონაწილეობა კი, არა მხოლოდ მორალურად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა!

ამჯერად მაინც უნდა მოვახერხოთ პრობლემის და ბოროტების სათავემდე მისვლა და მისი ამოძირკვა. პრობლემის სათავე კი, როგორც აღინიშნა, სწორედ ის თითოეული რიგითი ამომრჩეველია, რომელიც ამ დროის განმავლობაში ასულდგმულებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს საზოგადოების მეტასტაზს, კრებსით ნაციონალურ მოძრაობას", - ამბობენ ისინი.

მათი გამოთვლით, ასეთი ამომრჩეველი დაახლოებით 300 000-ია. მათივე თქმით, არჩევნების შემდეგ ჯერ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს, შემდეგ - ოპოზიციის ამომრჩეველი".

20 აგვისტოს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი.

ოცნების განცხადების თახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ "სამართლებრივ პროცესს", რომლის შედეგადაც ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მისი "სატელიტი თუ მემკვიდრე" პარტია" არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ამ დაპირებას ყველა შეხვედრაზე აჟღერებს პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ოცნების სხვა წევრებიც.


close დახურვა