2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნების" სიაში შესაძლოა, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო მოზაიკა" ავრცელებს. მედია წერს, რომ საკითხზე მმართველ გუნდში კოსულტაციები უკვე დაწყებულია და ქარელი სავარაუდოდ გორის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლები კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ადასტურებს ქარელსა და მმართველ პარტიას შორის არსებულ პოლიტიკურ გარიგებას. „გამარჯვებული საქართველოს" წევრები ფიქრობენ, რომ „ოცნება" ქარელს იმ ცრუ ბრალდებებისთვის აჯილდოვებს, რომლის საფუძველზეც პარტიის ლიდერის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ჯერჯერობით მიხეილ ქარელი მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს, დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.