logo
ENG



ოცნების შემოთავაზება არ წარმოადგენს მათი მხრიდან კომპრომისს - ხათუნა სამნიძე

02 მარ 202022:45
3 წუთის საკითხავი
 

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ დათმობაზე არ მიდის და მისი წინადადება არ წარმოადგენს კომპრომისს. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რომ მმართველი პარტია არ არის სანდო და ხელისუფლება ხშირად არ ასრულებს დაპირებას, ამავდროულად ცდილობს, ასეთ დროს ოპოზიციას დააკისროს პასუხისმგებლობა.

„ირაკლი კობახიძე ეხვეწებოდა ოპოზიციას, რომ წამოსულიყო ამ წინადადებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე თვის წინ ის ხმამაღლა ამბობდა, რომ დაასრულებდა ოპოზიციას და ყველა, ვინც საუბრობდა პოლიტიკურ კრიზისზე, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ წევრი. ახლა კი ვიღებთ შემოთავაზებას, რომელსაც არქმევენ კომპრომისს, რაც, რეალურად არანაირ კომპრომისს არ წარმოადგენს მათი მხრიდან. როგორც კი პროპორციულ სისტემაზე დაპირება უკან წაიღეს, დაიწყო საუბრები, რომ პროპორციული არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის და ახლა ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, გადაწყვეტილება მიიღოს და დათანხმდეს ამ ე.წ. კომპრომისს", - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ დიალოგის გასაგრძელებლად ყველა პირობა დააკმაყოფილეს. კერძოდ, მათი შეთავაზება არჩევნების 110/40-ზე პრინციპით ჩატარებას და 40%-იანი ბარიერის დაწესებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ის მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს. თუმცა ოპოზიციური პარტიები ამ მოდელზე არ არიან თანახმა და აცხადებენ, რომ ეს „რიცხვებით ვაჭრობაა", რაც მიუღებელია.


close დახურვა