აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების წევრი და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი მშობლებს მოუწოდებს, დაასმინონ მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში რუსულ კანონზე ლაპარაკობენ.
მგალობლიშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია, სკოლის მოსწავლეებს რუსულ კანონზე ელაპარაკო, ასეთ მასწავლებლებს კი დასჯით ემუქრება.
"მე მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე და ამის შემდეგ ჩვენ... სრულად არის აღჭურვილი აჭარის განათლების სამინისტრო, ჩაატაროს სკოლებში ინსპექტირება და ის ხალხი, ვინც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს და თითისტოლა ბავშვებს პოლიტიკაზე ესაუბრება, უნდა დაისაჯოს თავისთავად", - თქვა მან.
ეს განცხადება მგალობლიშვილმა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მინისტრის საათის ფარგლებში აჭარის განათლების მინისტრს უსმენდნენ.