logo
ENG



ოხანაშვილი: ივნისის ბოლომდე ევროკომისიის 12-ვე პუნქტს სრულად შევასრულებთ

01 ივნ 202323:40
3 წუთის საკითხავი
 
ოხანაშვილი: ივნისის ბოლომდე ევროკომისიის 12-ვე პუნქტს სრულად შევასრულებთ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ქართული ოცნება ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას ივნისის ბოლოს დაასრულებს.

ოხანაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ და პარლამენტმა "ინტენსიური სამუშაო გასწია" და ამ დროისთვის 12-დან 2 პუნქტი- საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოსთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დარჩა შესასრულებელი.

"პარლამენტმა საკმაოდ ინტენსიური სამუშაო გასწია იმისთვის, რომ 12 პუნქტი ყოფილიყო შესრულებული და პრაქტიკულად ჩვენ ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს სრულად შევასრულებთ. იცით, რომ ამ 12 პუნქტის ჩვენთვის გადმოცემისთანავე, საქართველოს პარლამენტმა შექმნა სამუშაო ჯგუფები. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ გვემუშავა ერთად, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყანასა და ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას შევთავაზეთ მონაწილეობა, თუმცა საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ამ ადამიანებმა საბოტაჟი გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებში მუშაობას და მაშასადამე საბოტაჟი გამოუცხადეს 12 პუნქტის შესრულებას.  მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ, რომელსაც გვაქვს ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე აღებული - ვთქვით, რომ შევასრულებდით ყველა პუნქტს. დღეს გვაქვს მდგომარეობა, რომ ყველა პუნქტი შესრულებულია, დარჩენილია 2 საკითხი - საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეორე მოსმენით გვაქვს მიღებული  და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც ასევე მეორე მოსმენით უნდა იქნას განხილული პლენარულ სხდომაზე" - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დამატებით შეფასებას ელიან რის შემდეგაც ივნისში შეასრულებენ ამ პუნქტს, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს მესამე მოსმენით ასევე ივნისში მიიღებენ "ამით ჩვენ დავხურავთ ყველა პუნქტს" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროკომისიის 12 პუნქტიდან პირველზე, დეპოლარიზაციის პუნქტზე დამატებით კითხვაზე პასუხად ოხანაშვილმა თქვა, რომ ამ პუნქტის გარდა შეასრულეს ყველა ის პუნქტი, რომელიც იყო "შინაარსობრივად ან საკანონმდებლო დონეზე მოსაწესრიგებელი ან სხვა მხრივ ნორმატიულ სივრცეში ასასახი“ და "რჩება ერთადერთი დეპოლარიზაციის საკითხი".

ოხანაშვილი ირწმუნება, რომ ამ პუნქტის შესასრულებლად ხელისუფლებამ ოპოზიციას თანამშრომლობა და "საქმიანი სამუშაო პროცესი "შესთავაზა და „შინაარსობრივი მუშაობისთვის ნაბიჯები გადადგა", თუმცა უშედეგოდ.

ოხანაშვილი ირწმუნება, რომ ამ პუნქტის შესასრულებლად ხელისუფლებამ ოპოზიციას თანამშრომლობა და "საქმიანი სამუშაო პროცესი" შესთავაზა და "შინაარსობრივი მუშაობისთვის ნაბიჯები გადადგა", თუმცა უშედეგოდ.

მალევე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ პოლარიზაცია არ არის საქრთველოსთვის უნიკალური ფენომენი, ეს ახასიათებთ ევროპულ დემოკრატიებსაც და ეს პუნქტიც "ქართული ოცნების მიერ გაწეული ძალისხმევით, შესაძლებელია რომ მიჩნეული იქნეს შესრულებულად".

"პოლარიზაცია არ არის მხოლოდ საქართველოს ფენომენი და ეს არ არის საკითხი, რომელიც არ ახასიათებთ ევროპულ დემოკრატიებს. შესაბამისად, თუ ასე შევხედავთ, ესეც ჩვენი პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ აქ არ არის რამე განსაკუთრებული მოვლენა. გასაგებია, რომ ამას საქართველოში აქვს თავისი მწვავე გამოვლინებები, თუმცა აქ არ ხდება რაიმე ისეთი, რაც არ ხდება რომელიმე ევროპულ დემოკრატიულ სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ყველანაირად ეს პუნქტიც ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევით, შესაძლებელია რომ მიჩნეული იქნეს შესრულებულად ამ პერსპექტივით და ამ თვალსაზრისით, რაც ჩვენ გავაკეთეთ“ - განაცხადა ოხანაშვილმა.


close დახურვა