ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიულ რიტორიკასა და სიძულვილის ენაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
მისი თქმით, ქართული ოცნება მზადაა, პოლიტიკურ პარტიებთან ამ საკითხზე კონსულტაციისთვის, ვინაიდან ოხანაშვილის თქმით, ეს საქართველოს ინტერესებშია და მნიშვნელოვანია მის ევროპულ გზაზე.
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, დეპოლარიზაციაზე, ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრა დღეს გაიმართა.
„დღეს გვაქვს შეხვედრა და გვექნება კონსულტაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, პარტიასთან და შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი, რომელიც წესით უნდა იყოს მარტივი, რომ ყველამ უარი თქვას და შეიკავოს თავი სიძულვილის ენისგან, აგრესიული რიტორიკისგან და ა.შ., მოგვარდება. თუ ჩვენ ყველა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავაყენებთ სახელმწიფო ინტერესებს და ქართული ოცნება არის პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ, გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე, კამპანიასა და ა.შ. დაველოდებით კონკრეტულ, შემხვედრ ნაბიჯებს.“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დეპოლარიზაციისთვის რეცეპტი ყველა პოლიტიკური პარტიის ნება იქნება, რომ შეწყდეს აგრესიული რიტორიკა და ქართული ოცნება მზადაა, ასე მოიქცეს.
"დეპოლარიზაციის რეცეპტი არის მონდომება, ყველა პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ნება, რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე, აგრესიულ რიტორიკაზე და ა.შ. ეს ყველა ჩვენგანის ხელშია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ" - ამბობს ანრი ოხანაშვილი.