logo
ENG



ოხანაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, ნიკა მელიასაც, დაესწროს იმუნიტეტის შეწყვეტაზე განხილვას

16 თებ 202110:15
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის ნიკა მელიასააც მოუწოდებს, მივიდნენ პარლამენტში და ჩაერთონ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხის განხილვაში. 

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ. პროკურატურა იმუნიტეტის შეწყვეტას ითხოვს, რათა სასამართლოს მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. 

"მე ველოდები და მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, ყველა დეპუტატს, რომელმაც ხალხის მანდატით მიიღო კონკრეტული წარმომადგენლობის უფლება, მობრძანდნენ, ისინი, ვინც პარლამენტში არიან და ისინიც, ვინც არ შემოვიდა პარლამენტში, თუ აქვთ შეკითხვები, პარლამენტის წევრებმა დავსვათ ერთად შეკითხვები. ეს სასამართლო პროცესი ვერ იქნება. მოვუწოდებ, თუნდაც ბატონ ნიკა მელიას, მობრძანდეს". - თქვა მან, 

ოხანაშვილისვე განცხადებით, არლამენტი სასამართლო ვერ იქნება. 

"დღეს ჩვენ კომიტეტზე უნდა განვიხილოთ არა ნიკანორ მელიას დამნაშავეობის საკითხი, არამედ დაარღვია თუ არა მან საქართველოს კანონმდებლობა, როცა მან უარი თქვა დაკისრებული გამკაცრებული გირაოს გადახდაზე და არის თუ არა საფუძვლიანი გენერალური პროკურორის შუამდგომლობა. ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ არ გვევალება და არ გვაქვს გვაქვს უფლება, შევიდეთ ისეთ სამართლებრივ საკითხებში და მასალების გაცნობაში, რისი უფლებაც მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა". - თქვა ოხანაშვილმა

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 


close დახურვა