logo
ENG



ოხანაშვილი: ომბუდსმენს არ აქვს კომპეტენცია, პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება მიიღოს

16 თებ 202112:50
3 წუთის საკითხავი
 
ოხანაშვილი: ომბუდსმენს არ აქვს კომპეტენცია, პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება მიიღოს
ანრი ოხანაშვილი
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველს არ აქვს იმის კომპეტენცია, პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ შემთხვევაში. 

ნინო ლომჯარიამ დღეს, 16 თებერვალს პარლამენტის წევრებს მიმართა, არ გასცემ თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე, პროკურატურას კი მოუწოდა, გადახედოს აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას, რადგან მელიას დაპატიმრება დააზარალებს "ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ". 

"თუ მას ინტერესი აქვს, რომ ყველა პირის უფლება იყოს სათანადოდ დაცული, მისი პირდაპირი მოვალეობაა, უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს კონტროლი. რაც შეეხება პარლამენტისთვის მოწოდებას, ეს მისი არჩევანია, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გაქვს, მას არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონკრეტულ შემთხვევაში". - თქვა ანრი ოხანაშვილმა

პარლამენტის საპროცედურო  და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს. მათ დააკმაყოფილეს პროკურატურის მოთხოვნა - საგამოძიებო უწყებას სურს, იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ სასამართლოს მიმართოს და ნიკა მელიას დაპატიმრება მოითხოვოს. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, ვინაიდან, "ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია". 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 

პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უკვე მეორედ განიხილავს. 2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა იმავე - 20-21 ივნისის საქმეზე იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა. 


close დახურვა