მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისიტემის წინააღმდეგ გამოვიდნენ, სრულად მაჟორიტარულ სისიტემაზე გადასვლის შესახებ ინიციატივა უმრავლესობას გააცნეს. როგორც დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, უმრავლესობასთან კანონპროექტის ინიცირების თაობაზე ვერ შეთანხმდნენ. დაძაბული შეხვედრის შემდეგ კი, კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღეს და ის საინიციატივო ჯგუფის სახელით დაარეგისტრირეს.
„ეს იქნება ამერიკული საარჩევნო სტილის მოდელი, ორპალატიანი. ეს მისცემს საშუალებას თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან. უმრავლესობის ლიდერს აქვს პრინციპული წინააღმდეგობა“, - განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატი დაჩი ბერია კი მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტი პარლამენტს უფრო წარმომადგენლობით გახდის.
„მეტად წარმომადგენლობითია პარლამენტი და მეტი ხმა აქვს თითოეულ მოქალაქეს. მუშაობის ხარისხი არის უკეთესი, რადგან ზედა პალატა იქნება ერთგვარი მაკონტროლებელი. არ ვიცი უმრავლესობის რამდენი წევრი დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა დაჩი ბერაიამ.
მმართველი გუნდის წევრის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ის მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო კანონპროექტს მხარს არ უჭერს.
„ჩემთვის, პოლიტიკურ-სამართლებრივად ის საკითხი, რომელიც ბატონმა დიმიტრიმ დასვა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მაქვს არგუმენტები რის გამოც, ამ საკითხის დასმა არ მიმაჩნია სწორად. რაც შეეხება კამათს, ეს არის ჯანსაღი, ბუნებრივი პროცესი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილი.