ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "რადიკალური ნაციონალური მოძრაობის" დე ფაქტო თავმჯდომარეს უწოდებს. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში მის პოლიტიკურ ვითარებაზე საუბარი შეუძლებელია.
"სალომე ზურაბიშვილს წინ გადაეფარა რადიკალური ნაციონალური მოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და მოწინავე, მათი დე ფაქტო თავმჯდომარე. ასე რომ, რა პოლიტიკურ მომავალზე შეიძლება, ვისაუბროთ, არავითარი შანსები არ ექნება", - ამბობს ოხანაშვილი.
2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობაზე ოცნების დეპუტატი აცხადებს, რომ ზურაბიშვილი "ღალატთან გარიგდა" და მას საზოგადოების მხარდაჭერა ვერ ექნება.
"ადამიანი, რომელმაც ზურგი აქცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მის განცხადებებს არავითარი ძალა არ აქვს. ფუჭია მისი განცხადებები. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს მოღალატედ მოიხსენიებდნენ და ის, ვინც ამ ადამიანს მოღალატეს ეძახდა, მასთან ერთად არის ეს ადამიანი ალიანსში. ეს ნიშნავს გარიგებას ღალატთან, ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც, ამიტომ, ის, ვინც ღალატთან გარიგდება, ჩვენი საზოგადოების მხრიდან ვერ ექნება ვერანაირი მხარდაჭერა. დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილს გახსნილი აქვს პოლიტიკური კამპანია, შესაბამისად, რაც არ უნდა მან და მასთან დაკავშირებულმა რადიკალებმა პოლიტიკური კამპანია აწარმოონ, მათ ვერ ექნებათ ვერავითარი პოლიტიკური მომავალი", - თქვა ოხანაშვილმა.
გუშინ რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, "თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, შესაძლოა თუ არა იფიქროთ პარტიის ჩამოყალიბებაზე ან რაიმე სხვა ფორმით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რაზეც მან უპასუხა:
"სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.