ქართული ოცნების წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის მოთხოვნა არა პოლიტიკური დევნა, არამედ სამართლებრივი საკითხია.
ოხანაშვილის თქმით, მელიამ სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა და ამის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
"სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე. ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ამ ადამიანს ნიკანორ მელიას დაკისრებული ჰქონდა სასამართლო წესით. ყველამ ვიხილეთ დემონსტრაციულად სამაჯურის მოხსნა და გადაგდება. ეს არის სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა.
არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც პირს ვისაც აქვს დაკისრებული შესაბამისი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს ამ პირობებს, პროკურატურა უფლებამოსილია, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე შესაბამისი პირობით. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მთავარი პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. უწყებამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა 1-ლი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, მაშინ, როცა პირი აღკვეთის ღონისძიებას არღვევს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით, მისი აღკვეთის ღონისძება უფრო მკაცრით უნდა შეიცვალოს, რაც ამ შემთხვევაში, პატიმრობაა. ადვოკატის განმარტებით, გირაო, თუნდაც გაზრდილი ოდენობით, აღკვეთის იგივე ღონისძიებაა და არა უფრო მკაცრი.
თავად პროკურატურაც აღნიშნავს განცხადებაში, რომ სასამართლოს მელიასთვის "უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა", თუმცა აღმოჩნდა, რომ "უფრო მკაცრ ღონისძიებაში" გირაოს თანხის ოდენობის გაზრდა იგულისხმეს.
ცნობისთვის, სამაჯურის ტარება და 30 000-ლარიანი გირაო მელიას სასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე შეუფარდა - გამოძიება მას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.