logo
ENG



ოხანაშვილი ჟურნალისტების გაძევებაზე: ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად

12 დეკ 201912:52
3 წუთის საკითხავი
 
mx7sjnlzglpxm8o.jpg

იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის ანრი ოხანაშვილისთვის ჟურნალისტების უკმაყოფილება, რომელიც მათ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაძევებას უკავშირდება, გაუგებარია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პლენარულ სხდომაზე სიტყვა მოითხოვა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მან არ იცის ზუსტად რა ინციდენტი მოხდა საკომიტეტო დარბაზში. დეპუტატმა ინციდენტში ისევ "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. 

„ადევნებდით თვალყურს, ვინ როგორ იქცეოდა სხდომაზე. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და მისცემს ამ ყველაფერს ადეკვატურ შეფასებას. რაც შეეხება იმ მცირე ინციდენტს, ჩემთვის გაურკვეველია რა მოხდა, უბრალოდ პოსტფაქტუმ ვნახე კადრები. მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ცდილობდა სხდომის ჩაშლას. ამიტომ გამოვაცხადე ტექნიკური შესვენება, კოლეგებთან კონსულტაციის მიზნით. ამ დროს გაურკვევლობა მოხდა. ჟურნალისტებმა გამოთქვეს პრეტენზია. მანდატურებმა უზრუნველყეს, რომ ჟურნალისტები შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში და გაეშუქებინათ პროცესი ბოლომდე. თუ რამე გაურკვევლობა მოხდა, ამას გავარკვევთ, მაგრამ არავინ არავის არ უნდა გადააბრალოს. ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად და იცავდა კანონს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან, სადაც უვადო მოსამართლეთა კენჭისყრა იმართებოდა, ძალის გამოყენებით გააძევეს.

 

 


close დახურვა