logo
ENG



ოხანაშვილმა დარბაზიდან მეშვიდე დეპუტატი, ანა წითლიძე გააძევა

29 აპრ 202412:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/3n66yfkd54dra3k.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობის წევრს ანა წითლიძეს დაატოვებინა.

მდინარაძემ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ მათგან "ერთი არგუმენტიც კი არ მოუსმენიათ, [რატომ არის კანონი რუსული]", რაზეც წითლიძემ უპასუხა, რომ ეს "არ აცადეს".

ამის შემდეგ, ოხანაშვილმა ანა წითლიძე "რეგლამენტის დარღვევის", კერძოდ კი, "მიკროფონის გარეშე საუბრის გამო" დარბაზიდან გააძევა.

"თქვენ თავს ეცით პატივი, ნუ აიძულებთ ამ ხალხს [მანდატურებს] გაგიყვანონ. აბრძანდით და გადით", - მიმართა ოხანაშვილმა წითლიძეს.

სხდომის დატოვების შემდეგ ანა წითლიძემ თქვა, რომ სხდომიდან აძევებენ იმ დეპუტატებს, რომლებიც სვამენ შინაარსობრივ კითხვებს, რაზეც ოცნებას პასუხი არ აქვს.

"რის გამო გამომაგდეს, არ ვიცი, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის მათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან არ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, ყველა გამოაძევეს, ამიტომ, სავარაუდოდ, დარჩებიან მარტო", - თქვა წითლიძემ. 

მანამდე, ოხანაშვილმა ექვს ოპოზიციონერ დეპუტატს - სალომე სამადაშვილს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილს, თაკო ჩარკვიანს, ქეთი თურაზაშვილს და გიორგი ვაშაძეს დაატოვებინა დარბაზი.

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.

 

 


close დახურვა