logo
ENG



ოხანაშვილმა ხაბეიშვილიც გააძევა

29 აპრ 202414:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/c0ey36likmkmeig.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობის წევრს ლევან ხაბეიშვილს დაატოვებინა. 

ხაბეიშვილის კითხვა ბიძინა ივანიშვილსა და ქართუს შეეხებოდა. ოპოზიციონერი დაინტერესდა, შეეხება თუ არა რუსული კანონი ქართუს. 

"საუბარია იმაზე, რომ 20%-ზე მეტი უცხოეთიდან დაფინანსება ვისაც აქვს, ეს კანონი ეხება და ა.შ. მაინტერესებს ქართუსთან დაკავშირებით, როგორ შეეხება და ჩამოვაყალიბებ კითხვას: 2018-2019 წლების ანგარიშით, 92-დან 200 მილიონამდე იყო მათი შემოსავალი, ბიძინა ივანიშვილის ქართუს ვგულისხმობ, რომელსაც სხვათა შორის, პოლიტიკური მიზნებისთვის სწორედ ის იყენებს, თუ ვინმე რამეს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს იყენებს, ქართუს იყენებს. კითხვა მდგომარეობს შემდეგში, 20%-ზე მეტი რომ აქვს ივანიშვილს უცხოური დაფინანსება და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კანონით რომ ვალდებულება აქვს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლით, რომ შემოსავლები ფინანსთა სამინისტრომ და საშემოსავლო სამსახურმა უნდა გაასაჯაროოს და 5 წელია ამ ანგარიშს რომ არ აქვეყნებენ და არ ვიცით, გარდა იმისა, რაც 2018-19 წლებში გვაჩვენა, რომ...", - ამბობდა ხაბეიშვილი.

ოხანაშვილმა მას კითხვა არ დაასრულებინა, მიკროფონი გაუთიშა და თქვა, რომ სიტყვა ჩამორთმეული აქვს.  

"ჩამოგერთვათ სიტყვა, სად წახვედით... მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ.... ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 6 მილიარდ ლარამდე აქვს დახარჯული, რამდენი ლარი გაქვთ დახარჯული ჩვენი ქვეყნისთვის", - უთხრა ოხანაშვილმა ხაბეიშვილს, შემდეგ კი დარბაზი დაატოვებინა. 

კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც, მისი აზრით, კითხვებს კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს და აძევებს ყველას, ვინც "რეგლამენტს არღვევს". 

ჯამში, ოხანაშვილმა დარბაზიდან 8 ოპოზიციონერი გააძევა. 

 

close დახურვა