logo
ENG



ოჯახი თამაზ გინტურის სავარაუდო მკვლელებს ასახელებს

08 ნოე 202319:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/08/369hg0urg6ueqhq.png

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.

"მკვლელების გვარებს ვაჟღერებთ, საიდან მაქვს [ინფორმაცია] და სანდო პიროვნებიდან. რა ინფორმაცია მაქვს და - ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სადაც ცხოვრობს, ყველაფერო გადმომიგზავნეს - რუსები არიან. მესაზღვრეები არიან, წოდებით მაიორი, ორმა ჩაიდინა ეს დანაშაული. ქართველ სამართალდამცავებთან არანაირი აზრი არ აქვს, რაზე ვაცნობო, აქ არავინ არ მოსულა და რა აზრი აქვს, ჩვენს ქართველს სამართალდამცავებს ვაცნობო?", - განაცხადა მან.

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ აღნიშნა, დემიდოვი რუსეთის FSB-ს სასაზღვრო ჯარის მოსამსახურეა.

დღეს ტელეგრამ არხზე ინფორმაციას გამოეხმაურა ედუარდ კოკოითი, რომელმაც დაწერა, რომ ზოგიერთი მოქალაქე "მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან" თანამშრომლობს. მისი თქმით, ეს არავის "შერჩება" და "კოლაბორაციონისტებს" გამოავლენენ.

"საიდან და როგორ მოხვდა მათთან ეს ინფორმაცია, ცალკე საუბრის თემაა. მათ სინდისზე იყოს, ვინც დღეს მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და საკუთარ ერს ღალატობს. სამწუხაროდ, ასეთი სიგნალები გახშირდა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ადგილზე" ზოგიერთი მოქალაქე, ჩვენი სამხრეთელი მეზობლის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. ჩვენ მოგხედავთ და ეს არ შეგრჩებათ. ჩვენ არაერთხელ გამოგვივლენია და პასუხისგებაში მიგვიცია კოლაბორაციონისტები", - დაწერა მან.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა