უკვე 24 საათზე მეტია, რაც გიორგი გეთაშვილი რუსთავის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე შევიდა და არ გამოსულა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ ის პოლიციამ გაიტაცა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშსწორებით აიძულებს, დავით მუმლაძის მკვლელობა დაიბრალოს.
მუმლაძის ცხედარი გუშინ გვიან ღამით მტკვარმა გამორიყა. მას სხეულზე ნაკვეთი ჭრილობები ჰქონდა. გიორგი გეთაშვილი კი უკანასკნელი ადამიანია, რომელიც დავით მუმლაძეს შეხვდა და ტელეფონზე დაუკავშირდა. ამის შემდეგ მუმლაძეს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გეთაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი მეგობრები იყვნენ და ცხედრის პოვნის შემდეგ გეთაშვილი პოლიციამ ამოცნობის მიზნით დაიბარა. აქვე უთხრეს ისიც, რომ შესაძლოა მოწმის სტატუსით დაკითხულიყო.
"ჩემი მეუღლე გატაცებულია, რადგან არ აქვს დაკავებულის სტატუსი. სავარაუდოდ, ნაცემია მძიმე დაზიანებებით, რადგან უკვე 8 საათზე მეტია ადვოკატს ნახვის საშუალებას არ აძლევენ. წუხელ მისი ხმა ისმოდა, გამოდიოდა გამომძიებლის ხმამაღალი ყვირილი, მუქარა, სიტყვები: "შენი დედა"... გადაღებული არ გვაქვს, არ გვეგონა თუ ეს მოხდებოდა, დაკითხვის გამწვავებული ფორმა გვეგონა. სამმართველოდან გამოდის ერთი კონკრეტული პიროვნება და გვეუბნება, რომ ჩვენ დავკითხეთ და გავუშვით, არ ვიცით, სად არის. გაუხსნელი მკვლელობის საქმეს ვერ შემოდებენ თაროზე და აქედან გამომდინარე ხელჩასაჭიდი არის მხოლოდ ის, რომ ჩემი მეუღლის ტელეფონიდან არის ბოლოს განხორციელებული ზარი, ბოლოს ნახა ჩემმა მეუღლემ. არის ფიზიკური და მორალური ზეწოლა, რომ დაიბრალოს დანაშაული, ან, მინიმუმ, თანამონაწილეობა შეკერონ", - ამბობს ლელა გეთაშვილი.
მისივე ცნობით, რამდენიმე საათის წინ ქმარმა დაურეკა და უთხრა, რომ ჟურნალისტები გაეშვა. ის დარწმუნებულია, რომ მას ასეთი შინაარსის საუბარს პოლიცია აიძულებს.
ადვოკატის თქმით, ოფიციალური განცხადებით რამდენჯერმე მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გეთაშვილის ნახვა, თუმცა უშედეგოდ.
რამდენიმე საათის წინ რუსთავის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მცირე ინციდენტიც მოხდა.
დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობაში შეიჭრნენ და გიორგი გეთაშვილის ნახვას მოითხოვდნენ. მოგვიანებით მათ შენობა სამართალდამცველებმა იძულებით დაატოვებინეს.
რუსთავში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.