რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს.
უკრაინული მონიტორინგის არხისა და დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს მიერ გავრცელებული კადრების ანალიზით ირკვევა, რომ თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა „როსნეფტის“ მფლობელობაში არსებულ „ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ ტერიტორიაზე. აღნიშნული საწარმო წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას ახდენს და საწვავით ამარაგებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რის გამოც მასზე დასავლეთის სანქციები მოქმედებს.
სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა შეტევას იგერიებდა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა ქარხანაზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ სტრატეგიულ ობიექტს მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე, მათ შორის აპრილში, აგვისტოსა და სექტემბერშიც დაარტყეს.
