მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დროს ორშაბათს 6 საათამდე აძლევს. ამაზე სააკაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს განაცხადეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა შედეგი ფატალური იყოს.
"მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას მთავრობას, რომ გარკვეული პერიოდის გამავლობაში, ორშაბათს, 6 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ ჩემი ძმის, მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური"- თქვა სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
გუშინ, 27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".
ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.