logo
ENG



ოჯახს არ სჯერა, რომ გამსახურდიას მხოლოდ 1 პირი დაესხა თავს

21 დეკ 201919:59
3 წუთის საკითხავი
 
b20t0olnvowjta3.jpg

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე პოლიციამ 5 პირი დააკავა, აქედან ერთი - განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ხუთივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა

გამსახურდიას ოჯახის წევრებს გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. გამსახურდიას ცოლი ამბობს, რომ მის მეუღლეს ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა და მას ფიზიკურად ოთხი ან ხუთი პირი გაუსწორდა. ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში, რომ ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, ამაში დარწმუნებულები არიან გალის ქუჩის მცხოვრებლებიც. მეზობლები გამსახურდიას ფიზიკურ მონაცემებს იხსენებენ და ამბობენ, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მხოლოდ 1 პირი დაზარალებულთან გამკლავებას ვერ შეძლებდა. 

დაკავებულის ადვოკატიც აცხადებს, რომ ჩხუბში სამი ადამიანი იყო ჩართული. მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი მხოლოდ გაშველებაში იღებდა მონაწილეობას. უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებული პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია. მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებული 2 პირთან ერთად სარფში დააკავეს. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის დაჭრაში რომ მხოლოდ 1 პირი მონაწილეობდა, ეს ვერსია დაუჯერებელია ოპოზიციისთვისაც. ისინი პოლიტიკურ მოტივებზე არ საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე არაფერს გამორიცხავენ. გამოძიების სხვა ვერსიებზე საუბრობენ ცოტნე გამსახურდიას მეგობრები. 

შინაგან საქმეთა სამინიტროს ვერსიით, გამსახურდიას ერთმა პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ასევე დაკავებულია 4 პირი. თავად ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ის კვლავ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას 19 დეკემბერს თავს დაესხნენ. ის მრავლობითი დაზიანებითა და ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 


close დახურვა