დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით მეორედ დაინფიცირება უცნაური მოვლენა არ არის რადგან ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა, როგორც ჩინეთში, ასევე კორეაში.
პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში მეორედ დაინფიცირების სულ 3 შემთხვევა დაფიქსირდა თუმცა, ეს ადამიანები გარშემომყოფებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან.
„რეინფიცირება ანუ მეორედ დაინფიცირება არ არის ახალი და უცნაური მოვლენა, იმიტომ რომ ჩინელებს ჰქონდათ აღწერილი ასეთი შემთხვევები, შემდეგ კორეელებმა თუ არ ვცდები 150 ასეთი შემთხვევა აღწერეს.
როდესაც გამოჯანმრთელებულ ადამიანს გაწერის დროს უარყოფითი ტესტი უფიქსირდება, შემდეგ მიდის ისევ საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში. აღმოჩნდა, რომ ორი უარყოფითი ტესტის შემდეგ ადამიანებს კიდევ დაუდასტურდათ ტესტის დადებითი პასუხი. ჩვენთან სულ 3 ასეთი შემთხვევა ფიქსირდება. ეს გარშემომყოფთათვის საფრთხე არ წარმოადგენს. ჩვენ თავს ვიზღვევთ და ასეთი პაციენტები მაინც არიან საკარანტინო პირობებში, რათა გამორიცხული იყოს ყოველგვარი გაუგებრობა ასეთ პაციენტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.