ჯერ ინდივიდუალურად ნიკა მელიასთან, მოგვიანებით კი ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრის შემდეგ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმინატას პავილიონისი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ლიდერებს მადლობა გადაიხადა და თქვა, რომ ისინი მზად არიან დიალოგისა და ვითარების დეესკალაციისთვის.
"ეს მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით - თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის". - თქვა პავილიონისმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეები - 21 და 25 თებერვალი იქნება ერთიანობის, დიალოგის და დეესკალაციის დღეები. ჟიგიმინატას პავილიონისმა ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას ამისთვის საჭირო აუცილებელი ნაბიჯები.
"თქვენ ხვალ დიდი დღე გაქვთ - კონსტიტუციის დღეა. 25 თებერვალი ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც გვახსენებს საქართველოს თავისუფლების დაკარგვას. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დღეები იქნება ერთიანობის. დიალოგის და დეესკალაციის დღეები დღეები.
მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები და მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები, რათა დიალოგი შედგეს.
ჩვენც, ლიეტუვა, პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ბედი ერთმანეთის მსგავსია. ჩვენ ერთსა და იმავე საპყრობილეში ვიყავით და მისგან თავი დავაღწიეთ გვინდა, რომ საქართველო ჩვენს გზას გამოყვეს. ამიტომ, მადლობა ამ შეხვედრისთვის და იმედი მაქვს, რომ ერთად ამ შედეგს მივაღწევთ". - თქვა მან.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერია მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც გაიცა მისი პატიმრობის განჩინება.
17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.