სჭირდება თუ არა პანდემიის მეორე ტალღა ივანიშვილის გუნდს არჩევნების მოსაგებად. არჩევნების ოქტომბრიდან დეკემბერში გადატანაზე საუბარი პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაიწყო და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაუკავშირა. უმრავლესობაში ეთანხმებიან, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნების ჩატარების თარიღი გადაიწევს.
ოპოზიცია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესსა და მორიგ ხრიკებზე მიუთითებს. ოპონენტების თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეული გზა სპეკულაციაა და პარტია ადამიანების ჯანმრთელობით მანიპულირებს. პოლიტიკური ოპონენტები ივანიშვილს უთვლიან, რომ რა დროს და რა სისტემითაც უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნების მარცხი გარანტირებულია.
როდის ჩატარდება ხელისუფლებისთვის გამოწვევად ქცეული არჩევნები - მთავრობის ხელმძღვანელს თარიღის შესაძლო ცვლილებაზე თანაგუნდელებისგან განსხვავებით დღეს საჯაროდ არ ულაპარაკია. თუმცა გიორგი გახარია ამბობს, რომ პანდემიურ საარჩევნო გეგმაზე, მათ შორის კამპანიის ჩატარების ფორმატისა და ხმის მიცემის პროცედურების შესახებ მუშაობა დაწყებული აქვთ.
მოქმედი კანონმდებლობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირაში უნდა ჩატარდეს. თარიღის შესაცვლელად საჭიროა ან საკონსტიტუციო ცვლილება ან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შესაბამისი შინაარსის დეკრეტის გამოცემა. სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებების ობიექტური შეფასებები იქნება, ამიტომ იმედი აქვთ, რომ ამ სპეციალისტების მუშაობა პოლიტიკური ეჭვების მიზეზი არ გახდება.
საარჩევნო პროცესებს პანდემიის გარდა , არაპროგნოზირებადს და ბუნდოვანს ხდის საარჩევნო სისტემაში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებებიც. იმის გარდა თუ უსაფრთხოების რა ნორმების გათვალისწინებით მოუწევთ პარტიებს კამპანიაში ჩართვა, ამომრჩევლებს კი საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება, ჯერ უცნობია ისიც როგორი იქნება პოლიტიკურ ძალებს შორის თამაშის წესები და რის მიხედვით დაკომპლექტდება მე-10 მოწვევის პარლამენტი.