logo
ENG



პანიკის დრო არ არის - ყველა უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

12 მარ 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეთის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი კორონავირუსი და მისი პრევენციაა. 

როგორც სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და შესაბამისი გეგმით მოქმედებს. მისივე განცხადებით, მოსახლეობა პანიკას არ უნდა აჰყვეს. 

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მთავრობის ყველა უწყება, 24-საათიანი, საგანგებო მუშაობაზე გადადის. 

"მოგეხსენებათ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და ჯანმოს პანდემიასთან მზაობის პერიოდის შესაბამის რეკომენდაციას მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ვალდებულები ვართ, მზად ვიყოთ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე 24 საათის განმავლობაში. განსაკუთრებით ეს ეხება - ჯანდაცვის სამინისტროს, შსს-ს, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ამასთან, პრემიერმა იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან და მოუწოდა მათ, შესაბამისი პირობები კარგად დაიცვან. 

გახარიამ ასევე დაავალა შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციაში უზრუნველყოს წესების დაცვა იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ, გარკვეული ვალდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, კარგად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში უზრუნველყონ წესების ზუსტი და შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა