logo
ENG



პანკისის უხუცესთა საბჭო რადიო WAY-ის მხარდაჭერას უცხადებს: ვგმობთ აგრესიულ გამოხტომებს

08 სექ 202015:47
3 წუთის საკითხავი
 
df2f6bobwl78cyb.jpg

პანკისის უხუცესთა კავშირი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და პანკისის სათემო რადიოს მხარდაჭერას უცხადებს.

უხუცესთა კავშირში აცხადებენ, რომ რადიოსთან დაპირისპირებული ადამიანების უკან გარკვეული ძალა დგას. 

"გელა მთივლიშვილს, ვინც უანგაროდ ეხმარებოდა პანკისელებს თავიანთი უფლებების დაცვასა და ცხოვრების უკეთ მოწყობაში, ემუქრებიან, პანკისიდან გაძევებას ჰპირდებიან ახალგაზრდები, ვისაც წარმოდგენაც არ აქვთ მის საქმიანობასა და საერთოდ პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში არსებულ ვითარებასა და აქ განვითარებულ მოვლენებზე. მოვლენები ისე ვითარდება ქისტური თემის ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში, რომ საკუთარი თავის განადგურებისაკენ მივდივართ", - ნათქვამია განცხადებაში.

უხუცესთა კავშირში აცხადებენ, რომ მთივლიშვილს აქამდეც უპირისპირდებოდნენ, მაგრამ მუქარა არ ყოფილა. უხუცესები ფიქრობენ, რომ დაინტერესებულმა მხარემ გარკვეული ძალები მთივლიშვილს კიდევ უფრო დაუპირისპირეს. 

"აშკარაა რომ ამ ადამიანების უკან დგას გარკვეული ძალა, რომელიც თვითონ შენიღბულია და სხვებს იყენებს, ეს ხომ ამ ქვეყნის ძლიერთათვის დამახასიათებელი თვისებაა. ჩვენ, უხუცესთა კავშირი, ვგმობთ ყოველგვარ აგრესიულ გამოხტომებს ადამიანების მიმართ. გელა მთივლიშვილი ჟურნალისტია, მისი პროფესიაა მიმდინარე მოვლენების გაშუქება თუნდაც ეს „შორტებს“ ან სხვა თემებს ეხებოდეს. უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ქისტური ადათ-წესები და ღირსების გრძნობა! საქართველო პანკისიდან იწყება, ნუ დავივიწყებთ ამას!", - წერია განცხადებაში.

პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ სოფელ დუისში 2 საპროტესტო აქცია ჩატარდა - 5 სექტემბერს და 29 აგვისტოს.

5 სექტემბერს შეკრებილებმა მოითხოვეს, გელა მთივლიშვილმა ხეობა დატოვოს, ვინაიდან ის პანკისელების შესახებ არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს და ადგილობრივებს შეურაცხყოფს. მათივე თქმით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან მედიის და პანკისის სათემო რადიოს მუშაობას.

გელა მთივლიშვილის განცხადებით, აქციებს როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფი მართავს, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, მათი ინფორმაციით, დემონსტრანტები დახურვის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურად გაშუქებას ასახელებენ, რასაც ჰესების მშენებლობაზე ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებენ. 

მედიაორგანიზაციის ცნობით, დახურვის მოთხოვნის კიდევ ერთი მიზეზი რადიკალური ჯგუფებისთვის შორტის ჩაცმისთვის მამა-შვილის ცემის გაშუქებაა. პანკისის სათემო რადიოს მიხედვით, აქციის ორგანიზატორების თქმით, რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და მომხდარის აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოსტეხეს.

ორგანიზაციის განცხადებით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ.

პანკისის სათემო რადიო განცხადებაში წერდა, რომ ადგილობრივების აზრით,  რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის, ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა. მათივე თქმით, რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში, 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს ჩატარებული აქციები და ამ აქციებზე გაკეთებული განცხადებები სცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ მოიაზრება.


close დახურვა