logo
ENG



პაპუაშვილი: 2020-ის არჩევნებიც ხომ არ გადაგვეთვალა, ხომ არ დააკლდა ხმები ოცნებასაც

05 ოქტ 202112:48
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: 2020-ის არჩევნებიც ხომ არ გადაგვეთვალა, ხომ არ დააკლდა ხმები ოცნებასაც

ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმა წარმატებული იყო და ეს 2021 წლის არჩევნებზე გამოჩნდა. 

მისი თქმით, წარმატებული აღმოჩნდა 100-მეტრიანი რადიუსის საკითხი - როცა პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნიდან 100 მეტრში დგომა აეკრძალათ. 

ასევე, მისი მტკიცებით, "იმუშავა" 10%-იანი გადათვლის დანაწესმაც

"რა თქმა უნდა, იმუშავა 10%-იანი გადათვლის დანაწესმა და სწორედ ამის გამოა, რომ ვერავინ ბედავს, ილაპარაკოს ჩაყრებზე და ა.შ. გადაითვალა 360 უბანი. სტატისტიკა კვლავ გამოქვეყნდება, მაგრამ რაც გვაქვს, პირველადი მონაცემები - რამე სერიოზული პრობლემა არ არის. სხვათა შორის, როგორც ვიცი, ამ გადათვლის შედეგად ხმები ქართულ ოცნებას მოემატა. ასე რომ, შეიძლება იმაზეც დავფიქრდეთ, 2020 წლის არჩევნები ხომ არ გადაგვეთვალა და ხომ არ ვნახავდით ქართული ოცნებისთვის დაკლებულ ხმებს". - თქვა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

პაპუაშვილმა ოპოზიციას ასევე მიმართა, ბოდიში მოუხადონ ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების ბრალდებების გამო, ასევე, ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილის იმისთვის, რომ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. 

2020 წლის არჩევნების შედეგები ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გაყალბებულად გამოაცხადა, უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციები დაიწყო. ბოიკოტი 6 თვის შემდეგ შეწყდა და პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა. პროცესს წინ დასავლელი პარტნიორების ჩართულობით გამართული მოლაპარაკებები უძღოდა. 

რაც შეეხება 2021 წლის არჩევნებს - ეუთო/ოდირის შეფასებით, არჩევნები ორგანიზებულად ჩატარდა, თუმცა, შეინიშნებოდა "ყოვლისმომცველი და გავრცელებული - მოქალაქე დამკვირვებლების, როგორც პარტიის წარმომადგენლების ბოროტად გამოყენება. ზოგადად, ხდებოდა პროცესებში ჩარევა, ხოლო ინდივიდუალური ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებს გარეთ". 

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაიზიარა ეუთო/ოდირის შეფასება და თქვა, რომ ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. 

აშშ-ის საელჩოს შეფასებით კი,  "ქართველი ამომრჩეველი სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს იმსახურებს". 

"[საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე". - აცხადებს აშშ-ის საელჩო.


close დახურვა