პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტს მოხსენების თარიღად 15 მარტი შესთავაზა.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოხსენების თარიღი ორმხრივი შეთანხმების შედეგად განისაზღვრება, პრეზიდენტმა მათ 5 მარტი შესთავაზა, რასაც ბიურო არ დაეთანხმა და ანგარიშის წარდგენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გამართვა შესთავაზა.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ თარიღის ცვლილება პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მოხსენების ფორმატი აქტუალური თემების განხილვას არ ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტსა და ოპოზიციას უკრაინის შესახებ დებატებისთვის სხვა ფორმატში საუბარი შესთავაზა.
„ზოგიერთი პარლამენტის მხრიდან იყო მოსაზრება რომ პრეზიდენტის მოხსენება იყო საკითხის განხილვის კარგი შესაძლებლობა, თუმცა რეგლამენტით გაწერილი პროცედურა არ იძლევა დისკუსიების და დებატების შესაძლებლობას. რეგლამენტის მიხედვით გახლავთ პრეზიდენტის მოხსენება და შემდეგ ფრაქციის ხელმძღვანელები გამოდიან 10-10 წუთით. კითხვების დასმის საშუალება არ არის, დეპუტატებს არ აქვთ გამოსვლის საშუალება. ანუ ეს არ გახლავთ ტიპური დისკუსია და დებატები რასაც საზოგადოება მიჩვეულია პარლამენტში.
ამიტომ უმრავლესობამ პრეზიდენტსა და კოლეგებს შესთავაზა, რომ მოიძებნოს ფორმატი სადაც საპარლამენტო ფრაქციები პრეზიდენტთან ერთად დასხდომას და ამ საკითხის, იმის რაც დღესაა აქტუალური განხილვას.“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ქართულმა ოცნებამ 5 მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოსმენას მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მოსმენის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დეპუტატებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების მივლინებები დაასახელა.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ისინი დღევანდელ ბიურის სხდომაზე პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენას 5 მარტს ითხოვდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდა, მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა გზავნილები მიიღო პარტნიორებისგან.
ბიუროზე კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი 5 მარტს სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოსმენას.