პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრორუსული ჯგუფების მიერ ევროკავშირის ჩამოგლეჯილი დროშა "თავის ადგილზე სათანადო პატივით დაბრუნდება."
"ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად იცით, რომ დაზიანებულია ფლაგშტოკიც, აღდგება და დროშაც დაბრუნდება სათანადო პატივით თავის ადგილას. რაც შეეხება, ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, არასერიოზული მიდგომაა.[...] ამ შემთხვევაში, სათანადო რეაგირება იყო, შესაბამისი პირები მიცემული იქნებიან პასუხისმგებლობაში."- განაცხადა პაპუაშვილმა.
ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.
ძალადობრივმა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს, როგორც ამბობენ, ზაჰესიდან მოდიოდნენ. ისინი აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე კი ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი.
პრორუსულმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის დროშა წარსულშიც ჩამოგლიჯეს. 2021 წლის 5 ივლისის მეორე დღეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს. 7 ივლისს კი დროშა მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ აღმართა.
ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა.
პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.