logo
ENG



პაპუაშვილი: ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას

25 აგვ 202111:12
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის გაცხადებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადებაზე საუბარი "პოლიტიკურ კაპიტულაციაზე" მიანიშნებს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ნაციონალურ მოძრაობას დაწყებული აქვს არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ, რადგან იციან, რომ აგებენ.

"არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს.

ნაციონალური მოძრაობის კამპანია სამ ამოცანას ემსახურება: საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად; არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს; წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს", - ამბობს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება და აღნიშნავს, რომ კამპანიის დროსაც პარტიებმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.


close დახურვა