ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ მიმართავენ, მმართველი გუნდისგან ისევ უარს მიიღებენ.
"მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი ცნობილია. მაშინაც განვაცხადეთ, მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ, ასეთია დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი გადაწყვეტილება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რა არგუმენტი აქვს მმართველ გუნდს, როდესაც ამბობენ, რომ ოპოზიციას მანდატებს არ შეუწყვეტენ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ "ამის არგუმენტი თითოეული დეპუტატის ნებაა, მიაჭირონ თითი ღილაკს ან არა".
ცნობისთვის, იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. ოპოზიციონერებმა მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა პარლამენტმა მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა.