ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ "ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო, ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა". ამით ის პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის კვებაზე შთაბეჭდილების შესაქმნელად გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.
"და აი, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა", - წერს ის ფეისბუქის გვერდზე.
პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.
კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს.