ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი კორონავირუსის გავრცელებაში ნაწილობრივ ოპოზიციასაც ადანაშაულებს.
მისი თქმით, ოპოზიცია პანდემიას არასერიოზულად უყურებს, რაც გამოიხატება 15 მაისს დაგეგმილ აქციაში, ხოლო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც რეგულაციების პარალელურად იმართება, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.
"ჩვენი ოპონენტების სიტყვა არ დაიჯერება. ისინი ტყუილს ტყუილზე ამატებენ. რაც შეეხება პანდემიას - მათი დამოკიდებულება პანდემიის სერიოზულობისადმი ცნობილია, მათ შორის, 15 მაისს დაგეგმილი მიტინგიდან გამომდინარე. ამ პროცესში ვნახეთ საპროტესტო აქციები და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას". - ამბობს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, მესამე ტალღა გვიახლოვდება და შეზღუდვების დაცვა აუცილებელია.
"ეს მესამე ტალღა ჩვენკენ მოექანება და ჩვენკენაც არ არის გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ ყველა შეზღუდვა არ იქნება დაცული, ეს მესამე ტალღა მოვიდეს და შემდეგ უკვე ყველა დაიწყებს ვაი-ვიშვიშს". - თქვა მან.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში COVID 19-ის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები შეზღუდვებზე ლაპარაკობენ, პარალელურად კი, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი.