პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძისა და ქართველი მოსამართლეების მიმართ "პატივისცემას გამოხატავს".
"მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. "ვეტინგის" საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს. კიდევ ერთხელ მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა", - წერს პაპუაშვილი.
გუშინ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება "კატეგორიულად" მიუღებელია. მან თქვა, რომ ყოველგვარ მონიტორინგზე უარს ამბობს და მისი შემოწმების უფლება არავის აქვს.
***
11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა "მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".
სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა. აღნიშნულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ დაეთანხმნენ.