პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლები პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით ერთ წელზე მეტია გაცხადებული აქვთ.
"დააკვირდით ამ განცხადებებს, არც ერთ განცხადებაში, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება თუ სტრუქტურა, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა ან რომელიმე სანქციის დარღვევა. შევთანხმდეთ, რომ პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. თუკი სხვა რაიმე მოტივაცია არის ამ შეფასებების უკან, ამ მოტივაციებზე უნდა ისაუბრონ, ვინაიდან არათუ ახლა, უკვე წელზე მეტია განვაცხადეთ, რა არის ჩვენი პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებით. პოლიტიკა არის შემდეგი, რომ ჩვენ ერთის მხრივ არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არც ერთი ფაქტი, ჭორი, ეჭვი არ არსებობს და მეორე - ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს", - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ.
მისივე თქმით, სანქციები ნიშნავს ესკალაციას, ხოლო ამან შეიძლება არაპროგნოზირებადი ვითარება გამოიწვიოს:
"იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ქვეყანა და ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, აამ პირობებში საქართველოსგან იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა".
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეტიუ მილერის თქმით, აშშ შეშფოთებულია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. მისივე განცხადებით, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.