logo
ENG



პაპუაშვილი: სჯობს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს

11 სექ 202316:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/11/i615p3cb6d5i8wf.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მოუწოდებს, კორექტული იყოს. მისი თქმით, სჯობს, მსხილაძე "საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს".

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩაეტიოს საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში და არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები შესაბამისი იყოს, ამიტომ მას მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული", - თქვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა "ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ არჩევანს, გახდეს EU-ის წევრი".

ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.

გიორგი მსხილაძის თქმით, ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომხრეა, "ევროინტეგრაციის წინააღმდეგია".

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა