ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ პარლამენტში კონსტიტუციის ცვლილების და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის 2%-მდე დაწევის საჭიროება აღარ არსებობს.
ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მათი მხრიდან შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და მისი შესრულების ვალდებულება აღარ აქვთ.
"მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, ქართულ ოცნებას არ აქვს კონსტიტუციის ცვლილების ვალდებულება. ეს იქნება მხოლოდ კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება იმოქმედებს.
ეს პროცესი, სრული თანხმობის პროცესი უნდათ, გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის, რომ შემდეგ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.
საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით მიიღო.
"ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით.
რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარდეს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, 120+30 სისტემით და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.
შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის მიხედვით კი, რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
თუმცა, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა მეორე მოსმენისთვის ბარიერის 3%-მდე გაზრდის შესახებ ისაუბრა.