პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბლინკენის წერილი მხარდამჭერია, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ილია დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
"ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერა, რომ აშშ რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ამ წერილის მთავარი შინაარსი რა იყო? რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას უყურებს იმედებით. სხვანაირად როგორ შეიძლება იქნას გაგებული ეს წერილი, ეგ მიკვირს"- ამბობს პაპუაშვილი.
გუშინ, 23 მაისს, გავრცელდა ენტონი ბლინკენის წერილი ილია დარჩიაშვილისადმი, რომელიც 22 აპრილით თარიღდება.
წერილში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.
"მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს უკრაინაში, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას ომის დანაშაულებისთვის"- ამბობს ბლინკენი.
ამასთან, წერილში სახელმწიფო მდივანი ულოცავს ილია დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას და აღნიშნავს, რომ აშშ კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს.