ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს წევრისგან თინა ბოკუჩავასგან მოდიოდა აგრესია და ეს "აღკვეთა", როდესაც ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ის ტრიბუნიდან. ამაზე მან 22 ივლისის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, რასაც ხმაური მოყვა.
"როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს სქესს. სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი. ესაა ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების. აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინასგან. ორი მანდატური მას აკავებდა და ვერ აკავებდა. რომ არ ყოფილიყო აგრესია და საფრთხე იმისა, რომ ავიდოდა პარლამენტის თავმჯდომარიესთან... ბევრი რამ გვაქვს ნანახი, საღებავების გადასხმა, რაღაც ნივთიერებების დასხმა... ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა", - თქვა პაპუაშვილმა.
ამაზე, ენმ-ს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჰკითხა, სერიოზულად ამბობდა თუ არა, რომ "მორალური ვალდებულების გამო გამოათრია თინა?" რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა: "აბა, რისთვის ვიყავი იქ?"
18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.
ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.
ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.