logo
ENG



პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე: ჩვენი ხალხების სიახლოვის გამო სხვანაირად არც შეგვეძლო

16 აპრ 202219:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/16/x6im2tjvbtqci3h.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადის  თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინასთან სიახლოვის გათვალისწინებით მათ არ შეეძლოთ არ სტუმრებოდნენ უკრაინას.

პაპუაშვილმა უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომი და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე გმირ ქალაქ კიევში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად, ჩემ ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის.

ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს მეგობრებს უკრაინისადმი ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის. ჩვენი ხალხების სიახლოვის გათვალისწინებით სხვანაირად არც შეგვეძლო. კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც განგვსაზღვრავს, გვაძლიერებს და გვაერთიანებს და რასაც ჩვენი ერები გულითადად უფრთხილდებიან. შესაბამისად, ჩვენ, ქართველები, ჩამოვედით კიევში გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის სათქმელად, თქვენი ტკივილის გაზიარებისთვის, უკრაინელ ხალხთან გვერდში დგომისთვის.

სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში. ამ ხოცვა-ჟლეტის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ეს ნაცნობი ისტორიებია. სამწუხაროდ, უკრაინაში ამ ქალაქების ბედი ბევრმა სხვა ქალაქმა გაიზიარა, ჯერ კიდევ ბევრი უცნობი ისტორიაა მოსაყოლი. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიღოს უკრაინელების არჩევანი“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

შეხვედრის შესახებ რუსლან სტეფანჩუკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პაპუაშვილთან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაც განიხილა

შალვა პაპუაშვილი საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც უკრაინაში დღეს ჩავიდა. დელეგაციაში მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შედიან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. 

ენმ-ის წევრები უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდნენ. კერძოდ, ქვეყანაში ჩავიდა ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია. მათთან ერთად არის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.


close დახურვა