პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვინც ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის შესახებ განცხადების გამო აკრიტიკებს, სიტყვებით მანიპულირებს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზიზღს აღვივებს.
პრემიერმინისტრმა 3 აპრილს თქვა: "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა ამ ომით, ეს იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს პროცესი, ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, არავინ არის".
სწორედ მისმა ამ განცხადებამ და განსაკუთრებით სიტყვა "დასჯის" გამოყენებამ გამოიწვია მოქალაქეთა აღშფოთება.
შალვა პაპუაშვილმა დღეს ფორმულას უთხრა, რომ "მანიპულირებს ოპოზიციის ნაწილი და მასთან დაკავშირებული მედია".
"ომთან დაკავშირებით - თქმაც არ უნდა, რომ რუსეთის ფედერაციაა ამის მონაწილე, თავისთავად. მიკვირს კიდეც, რომ ასეთი კითხვები ჩნდება. სამწუხაროა, ყველაფერი მანიპულაციაა იმ კუთხით, რომ არის საკუთარი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ ზიზღის ტალღის აგორების მცდელობა.
რა თქმა უნდა, რასაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, ვხედავდით 2008 წელს საქართველოში. ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ სხვა ხალხები მათი თავისუფლებისკენ სწრაფვისთვის, ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ სწრაფვისთვის დასაჯოს. ეს იყო, რაც ვნახეთ 2008 წელს, ეს არის, რასაც ვხედავთ უკრაინაში.
ამ სიტყვებით მანიპულაციურად გამოყენება რომ ხდება მედიის და ოპოზიციის მიერ, აჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორი პატარები არიან ისინი. კითხვის ნიშნებიც მანიპულაციურია. ეს არის სიტყვებზე გამოკიდების და ზიზღის გაღვივების სურვილი. ყველას მოვუწოდებ, თუ საუბრობენ გულწრფელად უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე, მოიქცნენ ისე, როგორც ეკადრება ქართველ ხალხს". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
***
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოს რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ სურვილი გამოთქვა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ეომათ. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მათ გაფრენის ნებართვა არ მისცა. მისი და ზოგადად, ქართული ოცნების ხელისუფლების პოზიციაა, რომ ეს ომში ჩართვას ნიშნავს.
საქართველოს მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამორალური უწოდა და საქართველოდან ელჩი გაიწვია.
ამასთან, საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც დასავლურ სანქციებს გამოექცნენ, არ ექმნებათ დაბრკოლებები საკანონმდებლო ან სხვა კუთხით.
"არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა 31 მარტს, როცა საბოლოოდ გააფორმა ელჩ იგორ დოლგოვის გაწვევა საქართველოდან.