logo
ENG



პაპუაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს

07 იან 202317:15
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტის შეწყალების მოლოდინი არ აქვს. მისი თქმით, იცის ზურაბიშვილის პოზიცია და მისი ცვლილების საფუძველს ვერ ხედავს.

"მე არ მაქვს არანაირად ამის მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია, რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ეს პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თავადაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანის საქმეს და დღეს ამ საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა, ვინც ახლა ცდილობს, რომ როგორმე დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები რამდენჯერმე გაიმართა. მოქალაქეები არაერთხელ შეიკრიბნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც და ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდეს. 28 დეკემბერს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ვინც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ზურაბიშვილი სიტყვით სასახლის ეზოში გამოვიდა, თუმცა თავისი სათქმელი არ დაასრულა და მოგვიანებით ბრიფინგი ჩანიშნა.

ბრიფინგზე მან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა ორივე მხარეს აწყობდა. თუმცა ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამას "პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".

აქამდე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა. მან თავდაპირველად პოზიცია პირველ ოქტომბერს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე პასუხი არის "არა და არასდროს". 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა თავისი განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი იყო.


close დახურვა