logo
ENG



პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის სპეციალური სივრცე გამოიყო - ფრენების რეგულირება მოხდება

16 ივნ 202312:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/o7v1jr27rnwfs70.jpg

პარაპლანებით უსაფრთხო ფრენებისთვის გუდაურის ტერიტორიაზე სივრცე გამოიყო. გარდა ამისა, ფრენების რეგულირება განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, საქაერონავიგაციასთან ერთად გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიმდინარე წლის 8 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, პარლამენტმა მარეგულირებელი კანონმდებლობა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

"მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები, ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე. კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს   მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისიანობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნას შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

პარაპლანით ფრენების რეგულაციის საკითხზე მთავრობამ მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც გასულ წელს პარაპლანისტების მონაწილეობით რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოყვა. მათ შორის ერთ-ერთი სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების მართვის ვერტმფრენი, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა